საჭიროების შემთხვევაში მერია რუსთაველებს სადეზინფექციო საშუალებებითა და საკვებით დაეხმარება

კრიტიკულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას დაეხმარება. ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  თანხა გამოიყოფა და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ჰიგიენური საშუალებები  და საკვები გადაეცემათ. ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებით, დახმარების გაწევის რეკომენდაცია იმ პირებზე გაიცა, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩებიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა tv4-ს განუცხადა, რომ რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა თანდათან მცირდება. 

“თვითიზოლაციაში მყოფი 26 პირიდან, 1 მათგანს შეზღუდვა ოფიციალურად მოეხსნა. უახლოეს დროში ველოდებით, რომ შეზღუდვა კიდევ სამ პირს მოეხსნება”,- განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა დამატებითი ცხელი ხაზის შექმნის საჭიროებაზე იმსჯელეს, რომელიც მერიის ბაზაზე, უშუალოდ აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს.