რუსთავის საბავშვო ბაღებიდან პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაერთივე ფილიალში, სოციალური პაკეტის გაცემის მეორე ეტაპი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. დახმარებას ამ ეტაპზე 2 300 ოჯახი მიიღებს.

მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 950 ისეთ ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან.

ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაგრძელდება და მესამე ეტაპზე, დახმარებას კიდევ 2 400 ოჯახს გადასცემენ. სულ მერიის დახმარების ამ პროგრამით, 5 650 ოჯახი ისარგებლებს, რაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობას მთლიანად მოიცავს .

რუსთავის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გაცემული დახმარება, მთლიანად მერიის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. ამავე ფონდიდან ფინანსდება ყველა ის სოციალური პაკეტი, რომელიც შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაიცემა რუსთავის მერიიდან.