რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი დღის განმავლობაში ექვსი არასრულწლოვანი მოიწამლა.
როგორც კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზში” Tv4-ს განუცხადეს, რუსთავის მერიის ცხელი ხაზიდან, კომპანიაში ბუნებრივი აირის გაჟონვის თაობაზე ინფორმაცია შევიდა. მათივე ცნობით, შემთხვევა რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა.
შედეგად, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა, ოთხი არასრულწლოვანი კლინიკა “რუსთავში” ,ხოლო ორი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა “რუსთავში” tv4-ს განუცხადეს, პირველ ეტაპზე კლინიკაში ორი ,9-11 წლის ბავშვი შეიყვანეს, რომლებიც დედმამიშვილები იყვნენ. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს 4 და 3 წლის ბავშვები. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან გაწერეს.
რაც შეეხება, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანილ არასრულწლოვნებს, ექიმების ცნობით,ერთ-ერთ მათგანს სამედიცინო დახმარება ბინაზე, სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაუწიეს,ხოლო შემდეგ საავადმყოფოში თავბრუსხვევით, მუცლის ტკივილით და დაბალი ტემპერატურით შეიყვანეს. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სამედიცინო დაწესებულება გამთენიისას დატოვეს.