რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა

რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა კვლავ გაიზარდა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ქალაქში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 37 პირი იმყოფება.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 99 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.

ერთ-ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის თანახმადაც, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.