რუსთავის მერიამ საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო. დღეს და ხვალ, რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაერთივე ფილიალში, სოციალური პაკეტი 2 300 ოჯახს გადაეცემა.
მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 950 ისეთ ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან.
ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაგრძელდება და მესამე ეტაპზე, დახმარებას კიდევ 2 400 ოჯახს გადასცემენ. სულ მერიის დახმარების ამ პროგრამით, 5 650 ოჯახი ისარგებლებს, რაც მთლიანად მოიცავს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა რაოდენობას.
დღეს პროდუქტის დარიგების პროცესში პირადად მონაწილეობდნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე ირმა მესხი.
“თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე დახმარება 950 ისეთ ოჯახზე გავეცით, რომლებიც მართალა სასწრაფოდ საჭიროებდა ამ თანადგომას. ეს იყო განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი და შევეცადეთ, რომ პირველ რიგში მათ დავხმარებოდით. დღეს უკვე მეორე ეტაპი დავიწყეთ. თქვენ ხედავთ, რომ პროდუქტის დარიგების პროცესი წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. შემდგომ ეტაპზე დამატებით კიდევ 2400 ოჯახს გადაეცემა დახმარება და საბოლოოდ მთლიანად მოვიცავთ ბაღის ასაკის ბავშვებს“- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გაცემული დახმარება, მთლიანად მერიის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. ამავე ფონდიდან ფინანსდება ყველა ის სოციალური პაკეტი, რომელიც შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაიცემა რუსთავის მერიიდან.