საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ გაჩერდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამედიცინო სფეროსა თუ სხვა სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების გადაადგილებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება. იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც დასაქმებული არიან სამედიცინო სფეროსა და ყველა სტრატეგიულ დარგსა თუ საწარმოში, რომელიც ნებადართული იქნება, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ, ან თანამშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით, ან ტაქსებით, რომელიც ასევე დაშვებულია,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ასევე ცნობილი გახდა , რომ პირადი ავტომობილით და/ან ტაქსით გადაადგილება ნებადართული იქნება 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე, ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომელს. როგორც მინისტრმა განაცხადა, იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ექნება სპეციალური საშვი. 

ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა ასევე  აღნიშნა , რომ აუცილებელი პროდუქციის მომარაგებაში შეფერხება არ არის.

„შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ მაღაზიებს და პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან ამ სასურსათო მაღაზიების რიგებშიც ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, – ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა  განაცხადა.