“საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ”

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის.

„მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან. ჩვენ მივეხმარებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინო ზონა, მიიღებს ამ ზონას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზუგდიდში, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება.