სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობების რისკების შემცირების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით, რისკებისა და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე, დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსით გაძლიერდა სახმელეთო საზღვრის დაცვის გაზრდილი რისკის შემცველი მონაკვეთები. სასაზღვრო პერიმეტრის კონტროლს მესაზღვრეების გაძლიერებული შემადგენლობა საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ახორციელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, საქართველოში ორი კვირით სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა.