სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო სივრცე მოქალაქეების ნაწილმა დატოვა

დღეს, სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო სივრცე 47 ადამიანმა დატოვა. კარანტინის რეჟიმში გატარებული ორი კვირის განმავლობაში მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოუვლინდათ.

მოქალაქეების გადაადგილება რუსთავის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება.

“ჩვენს მიერ დღეს მოხდა თვითიზოლაციაში მყოფ პირთა გადაადგილების უზრუნველყოფა რუსთავიდან ორი მიმართულებით. ეს მიმართულებებია: რუსთავიდან საჩხერის, ფოთისა და ქუთაისის მიმართულებით, ხოლო მეორე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით,” – განაცხადა რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რუსთავში, ორი საკარანტინე სივრცეა მოწყობილი სასტუმრო „რუსთავსა“ და „გრანდ ვეჯინში“.  აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში ის პირები იმყოფებიან, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადმოკვეთეს და თვითიზოლაციის პირობები დაარღვიეს.