ხვალიდან საქართველოში პირბადეების დამზადება იწყება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა .
„ ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით, შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში ადგილობრივი პირბადეების დამზადებისა და კერვის შესახებ. ხვალიდან უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, არის „აჭარა ტექსტილი“. პირადად ვესტუმრები ხვალ ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული პროგრამაში, ასევე რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული.
„ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ დ შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება და ყველაზე მეტი შეხება აქვს სხვებთან, მაღალი რისკის კატეგორიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავა, განმარტა, რომ საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომლებსაც აქვს გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.