ტემპერატურული სკრინინგი ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში, 86 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

საკარანტინო რეჟიმის მეექვსე დღის მონაცემებით, ტემპერატურული სკრინინგი ქვემო ქართლის ორ მუნიციპალიტეტში, 86 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. -ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, კორონავირუსი ​ საველე ჰოსპიტალში მყოფი პაციენტებისგან, ერთს დაუდასტურდა, რომელიც დედაქალაქშია გადაყვანილი და მკურნალობას შესაბამისი პროცედურების მიხედვით განაგრძობს.

„13 000- ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტემპერატურული სკრინინგი მარნეულის მუნიციპალიტეტში, 4000- ზე მეტს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. საერთო რაოდენობით მარნეულში 71 000 გადავცდით , ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 15 000-ს.

დღეის მდგომარეობით , ტემპერატურულ სკრინინგზე დაყრდნობით, საეჭვო არაფერი გამომჟღავნებულა, საველე ჰოსპიტალში არავინ გადმოუყვანიათ. დილის მონაცემებით, 8 სიმპტომატიკური პაციენტი იყო საველე ჰოსპიტალში და ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ჩემთვის ცნობილია, არის საზღვრის კვეთა აზერბაიჯანიდან , თუმცა იმ პერიოდში ,როცა ქვეყანა რისკ ჯგუფში არ შედიოდა. ამ ქალბატონს ,ამ დღეების განმავლობაში, ექნება კონტაქტები ადამიანებთან , ამ ეტაპზე ამას ვიკვლევთ, შესაბამისად მიმდინარეობს კონტროლი.

ამ წუთისთვის 6 პაციენტი რჩება საველე ჰოსპიტალში , მათგან ერთს უფრო მეტი სიმპტომატიკა აქვს“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.