ტურისტი, რომელსაც ქუთაისში 17 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 17-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს.

პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.