ქვეყნის მასშტაბით ინფექციურ დაწესებულებებში 41 ადამიანია მოთავსებული – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებშია მოთავსებული, 117 პირი კი საკარანტინო ზონაში იმყოფება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა. 85-მა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა და მათი ნაწილი თვითიზოლაციაში ყოფნას განაგრძობს.

„ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანი იმყოფება ინფექციურ დაწესებულებებში. იცით თქვენ, რომ აქედან სამი შემთხვევა არის დადასტურებული და გადიან ეს ადამიანები შესაბამისი მკურნალობის კურსს. საკარანტინო დაწესებულებებში არის 117 ადამიანი მოთავსებული, ხოლო 85-მა ადამიანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, გაიარა კვლევები. თუმცა ამ 85-დან გარკვეული რაოდენობის ადამიანს აქვს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიცემული“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.