შოთა რეხვიაშვილი – ამ ეტაპზე  მასშტაბური ჰოსპიტალიზაცია არ იგეგმება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულ კარანტინსა და გამკაცრებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ხვალიდან დაიწყება მასშტაბური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის სამინისტროს კვალიფიციური კადრებისა და ადგილობრივი მოხალისეების ჩართულობით, თითოეულ ოჯახში საეჭვო სიმპტომების მოკვლევა ჩატარდება.

“ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა სრულად არის მზად, რომ გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევას. ამ ეტაპზე  მასშტაბური ჰოსპიტალიზაცია არ იგეგმება. გვაქვს საკარანტინო სივრცეები, ადამიანები არიან თვითიზოლაციაში. შეიძლება, საკარანტინე სივრცე მარნეულშიც დაემატოს ხვალ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოსპიტალიზაცია იქნება რამდენიმე ათეული ადამიანის. თუ დადგება ესეთი საჭიროება, ბუნებრივი, ამისთვის მზად არის ჯანდაცვის სისტემა და სრულად მზადყოფნაშია”,-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადება მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან არსებული კონტაქტებიდან და კავშირებიდან გამომდინარე გახდა საჭირო. 

შეგახსენებთ, რომ კარანტინი დღეს მარნეულში  დაფიქსირებულ   ერთ-ერთ ახალ შემთხვევას უკავშირდება, რომელსაც 90-მდე კონტაქტი დაუდგინდა.