შსს – ბოლნისსა და მარნეულში ვითარება ამ დროისთვის მშვიდია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

“პოლიცია განაგრძობს ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით მოქალაქეთა გადაადგილების მკაცრ კონტროლს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ. სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს დეტალურად უხსნიან.