ხალხმრავლობაა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მოსახლეობას დისტანციის და საკარანტინე რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს.
„იცით, რომ ვეხმარებით გარკვეულ ოჯახებს. სამწუხაროდ, გარკვეულ ოჯახებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყველამ უნდა მიიღოს ეს დახმარება, თუმცა ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენ სიები გვაქვს და მივალთ ყველა ოჯახში, ყველას დავეხმარებით,“ – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო 1 000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება.
„არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით”, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.