ხმაური იყო რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში. მიზეზი 34-ე საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესია. შენობა, სადაც მარტის დასაწყისში, მუნიციპალიტეტმა 6 ჯგუფიანი ბაღის მოსაწყობად სარემონტო სამუშაოები დაიწყო, თავის დროზე საკმაოდ დიდი საბავშვო ბაღი იყო და თითქმის ორი მიკრორაიონის ბავშვებს უზრუნველყოფდა.
90-იან წლებში, ფართი კერძო პირმა უკანონოდ დაიკავა და მოხუცთა თავშესაფარი გახსნა, სადაც გარკვეული თანხის გადახდის შემთხვევაში, ხანდაზმულ ადამიანებს, ცხოვრების უფლებას აძლევდა. მცდელობა, რომ შენობისთვის საბავშვო ბაღის ფუნქცია ნაწილობრივ მაინც დაებრუნებინა ხელისუფლებას ბევრჯერ ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ, რადგან ამ მცდელობას შენობის მფლობელის მხრიდან პროტესტი ყოველთვის მოყვებოდა ხოლმე.
საბოლოოდ, ორი წლის წინ, ქალაქის მერიამ მაინც გადაწყვიტა, რომ აქ საბავშვო ბაღი უნდა ყოფილიყო და შენობის მფლობელს ფართის გაყოფა შესთავაზა. 6 ჯგუფიანი ბაღის მოსაწყობად საჭირო ფლიგელს მუნიციპალიტეტი გაარემონტებდა, მეორე ნაწილი კი, უზურფრუქტის უფლებით მოხუცთა თავშესაფარს რჩებოდა. ორი ოჯახი სწორედ ბაღისთვის განკუთვნილ ფლიგელში არის შესახლებულები.
შენობაში მცხოვრები ოჯახები აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მდგომარეობის გასაცნობად დღეს აქ ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ. ადგილზე ქალაქის მერიც მივიდა, რომელიც სარემონტო სამუშაოების პროცესში, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხარისხს დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ამოწმებს.
ორ ოჯახს, რომელიც ამჟამად ბაღისთვის განკუთვნილ ფართში ცხოვრობს, დროებით ქირით გაყვანას და ქველმოქმედების ფორმით ქირის საფასურის გადახდას სთავაზობენ, თუმცა ისინი ამ შემოთავაზებას არ თანხმდებიან.
ბაღის რეაბილიტაციის პროცესი კვლავ გრძელდება. არც შენობის მეორე ფლიგელი ზარალდება, რომელშიც მოხუცთა თავშესაფარია განთავსებული. უკანონოდ შესახლებული ოჯახებისთვის კი დროებით ფართით დაკაყოფილების შეთავაზება ისევ ძალაში რჩება.