10 მიზეზი,თუ რატომ არ უნდა ვიყოთ პანიკაში, კორონავირუსის გავრცელების გამო

ესპანელი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონის აქვეყნებს სტატიას, რომელშიც  იმ მიზეზებზე საუბრობს , თუ რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო.

„კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ საკითხია. ვირუსი 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ინფიცირებულთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებს. თუმცა, ვირუსთან ერთად, მსოფლიო „შიშის პანდემიამაც“ მოიცვა. თითქმის ყველა მედიასაშუალების ყურადღების ეპიცენტრში კორონავირუსია. „კოვიდ-19“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მსოფლიო მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადება. ვირუსის გავლენა ბიზნესსა და პოლიტიკაზე იგრძნობა. თუმცა, ამასთან ერთად, სწორი მიდგომა პანიკას გამორიცხავს. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ „კოვიდ-19“ კარგი ამბავია, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. არის მიზეზები, რათა ვიფიქროთ, რომ ვირუსის შეჩერება და დამარცხება შესაძლებელია. ასევე, გაკვეთილები, რომლებიც სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს ესპანელი მიკრობიოლოგი.

იგნასიო ლოპეს-გონისი ასახელებს ათ მიზეზს, რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში:

1. ვირუსი ჩვენთვის ცნობილია

შიდსის პირველი შემთხვევა 1981 წელს გამოვლინდა, თუმცა დაავადების გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირებას ორი წელი დასჭირდა. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დააფიქსირეს, უკვე 7 იანვარს კი ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა. ვორუსის გენომი „კოვიდ-19“-ის გამოჩენიდან 10 დღეში ხელმისაწვდომი იყო. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ საქმე გვაქვს ახალი ტიპის კორონავირუსთან 2-ბი ჯგუფიდან, რომელიც კორონავირუსების იმავე ტიპს მიეკუთვნება, რომელსაც „სარსი“. გენეტიკური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ „კოვიდ-19“-ის მუტაციის მაჩვენებელი არც ისე მაღალია.

2. „კოვიდ-19“-ის გამოსავლენად ტესტი 13 იანვრიდან არის ხელმისაწვდომი.

3. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება

ჩინეთის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის ზომები შედეგს იძლევა. უკვე რამდენიმე კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. ვირუსის დეტალური ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც. ეპიდაფეთქებები, ძირითადად, სპეციფიკურ რეგიონებში ხდება, რაც ვირუსის კონტროლის საშუალებას იძლევა.

4. ვირუსის შემთხვევათა 80 პროცენტი მსუბუქია

„კოვიდ-19“, ძირითადად, სიმპტომების გარეშე ან მსუბუქად მიმდინარეობს. ასე ხდება შემთხვევათა 81 პროცენტში. რა თქმა უნდა, დანარჩენ 14 პროცენტში ვირუსი პნევმონიას იწვევს, ხუთ პროცენტში კი შესაძლოა, კრიტიკული გახდეს და ფატალურად დასრულდეს. ჯერ საბოლოოდ გაურკვეველია, რამდენი შეიძლება იყოს სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ის შესაძლოა, იმაზე დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა პროგნოზირებენ.

5. ხალხი გამოჯანმრთელდა

მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, ძირითადად, ფოკუსირებულია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასა და გარდაცვალების შემთხვევებზე, თუმცა დაავადებულთა უმეტესობა განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება და ეს პროპორცია იზრდება. 

6. ბავშვებში „კოვიდ-19“ მსუბუქად მიმდინარეობს

ვირუსით ინფიცირებულთაგან 20 წლამდე ასაკის ადამიანები მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენენ. გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 40 წლამდე ინფიცირებულებში 0,2 პროცენტს შეადგენს. ბავშვებში ვირუსის სიმპტომები იმდენად მსუბუქი ფორმით ვლინდება, რომ შესაძლოა, შეუმჩნეველიც კი დარჩეს.

7. ვირუსი ემორჩილება დეზინფექციას

ვირუსის დეზაქტივაცია ნებისმიერი ზედაპირიდან შესაძლებელია ეთანოლის ხსნარით (62-71-პროცენტიანი სპირტი), ასევე წყალბადის ზეჟანგით (0,5-პროცენტიანი) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით. ეს სულ რაღაც ერთ წუთში ხდება. ინფიცირებისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტიანი გზა საპნით ხელის დაბანაა.

8. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ

ჩვენ მეცნიერების თანამშრომლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ ერთ თვეში „კოვიდ-19“-ის შესახებ „ფაბ.მედ“-ში 164 სტატია გამოქვეყნდა საუბარია ვაქცინების, სამკურნალო მეთოდების, ეპიდემიოლოგიურ, გენეტიკურ, დიაგნოსტიკურ, კლინიკურ კვლევებზე. პუბლიკაციებზე მუშაობდა 700-ზე მეტი ავტორი. ეს კორპორაციული, საერთო და ღია კვლევებია. 2003 წელს, ატიპური პნევმონიის გავრცელების დროს, ანალოგიური რაოდენობით პუბლიკაციების გამოქვეყნებას ერთი წელი დასჭირდა.

9. ვაქცინის პროტოტიპი უკვე არსებობს

ახალი ვაქცინების შექმნის შესაძლებლობა დღეს აღფრთოვანებას იწვევს. უკვე მიმდინარეობს რვა პროექტზე მუშაობა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელადაა გამიზნული.

ავსტრალიაში, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს. ის დაფუძნებულია ახალ ტექნოლოგიაზე.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომ ვაქცინის შექმნა რეკორდულ დროშია შესაძლებელი. ვაქცინების კლინიკური გამოცდა ადამიანებზე სავარაუდოდ უახლოეს ხანში დაიწყება.

10. ანტივირუსული პრეპარატების გამოცდა დაწყებულია

ვაქცინები პრევენციისთვის არის საჭირო. თუმცა, დღეს მნიშვნელოვანია ინფიცირებულების მკურნალობა. კორონავირუსის მკურნალობის 80-მდე მეთოდის კლინიკური ცდები უკვე მიმდინარეობს. საუბარია უკვე არსებული ანტივირუსული მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც სხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება და ეს მეთოდები უსაფრთხოა. მათ შორის ერთ-ერთია პრეპარატი „რემდესივირი“, რომლის კლინიკური გამოცდა ადამიანებზე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს იმ პრეპარატებისა და მეთოდების გამოცდაც, რომლებიც „ებოლასა“ და „სარსის“ ან „მერსის“ წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

„კოვიდ-19“-ის კიდევ ერთი პოტენციური სამკურნალო პრეპარატი არის „ქლოროქინი“, რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებდნენ და მას ძლიერი ანტივირუსული მოქმედება აქვს. ცნობილია, რომ „ქლოროქინი“ ვირუსულ ინფექციას ბლოკავს და მის ორგანიზმში მოხვედრას ხელს უშლის. ამ მეთოდს უკვე იყენებენ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ფილტვების ანთების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

კიდევ ერთი კვლევის ავტორები კორონავირუსის სამკურნალოდ „ოსელტამივირის“, „ინტერფერონ ბეტას“ ან განკურნებული ადამიანების ანტიშრატისა ან მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენების წინადადებით გამოდიან.

ზოგიერთი გამოდის ინიციატივით, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ე.წ. დამთრგუნველი პრეპარატების თერაპია იყოს გამოყენებული. მაგალითად ისეთის, როგორიც არის “ბარიკიტინიბი”.

კაცობრიობის ისტორიაში 1918 წლის გრიპის პანდემიას 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შესაძლოა, ასეთი რამ ახლაც მოხდეს? სავარაუდოდ არა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ პანდემიისთვის ისე კარგად მომზადებულები, როგორც ახლა ვართ.”

 

 

სტატია: 1tv.ge