ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-მოსახლეობა ადეკვატურად მოქმედებს

“მოსახლეობა ადეკვატურად მოქმედებს, გადაადგილება შემცირებულია და ყველაფერი კეთდება, რათა რისკები გამოვრიცხოთ”-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშილმა განაცხადა.

მხარის პირველი პირის ინფორმაციით,  სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვები კანონით არის დაცული და მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას  მოსახლეობა გაგებით ეკიდება.შოთა რეხვიაშვილის ცნობით, ფაქტობრივად დასრულდა მოხალისეებისა და მათთან ერთად, ექიმთა პერსონალის ჯგუფების ჩამოყალიბება.

„მოსახლეობა ადეკვატურია და ბუნებრივია, ეზღუდებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება, თუმცა შიგნით, ჯერჯერობით, ეს შეზღუდვა არ არის. აქაც ადეკვატურები არიან და შემცირებულია მოსახლეობის გადაადგილება. მინდა გითხრათ, რომ დილიდან აქტიურად იყო ჩართული ყველა სამსახური. გამშვები პუნქტიდან დაწყებული, აბსოლუტურად სრულ კომუნიკაციაში ვართ ყველა და ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

 

უახლოეს საათებში, ალბათ 1-2 საათში ჩვენ გავალთ პირველ რიგში იმ იდენტიფიცირებულ უბნებზე და ხალხთან, ვისთანაც კომუნიკაცია იყო ბოლო ფაქტიდან გამომდინარე. მარნეულიდან გადავალთ შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სადაც ასევე იყო შემჩნეული კომუნიკაცია და თუ რაიმე საჭირო და გადაუდებელი ჩარევა იქნება აუცილებელი, ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მობილიზებულია, არის საველე ჰოსპიტალი გახსნილი, შესაბამისი მედ-პერსონალი, სადაც შეიძლება ჩატარდეს ნაცხის აღება, შემდეგ ამ ნაცხის გადამუშავებისთვის და საბოლოო შედეგის დადგენისთვის, ბუნებრივია თბილისში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ, ამ ვითარებაში ყველაფერია გაკეთებულია, რათა ჩვენ შევზღუდოთ, გამოვრიცხოთ რისკები. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს მარტო მარნეულში არ ხდება, ყველა მუნიციპალიტეტში იგივე სიტუაციაა. დღეს დავიწყებთ მოწყვლად ჯგუფებთან. მარნეულში დაახლოებით 100 ოჯახთან, სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველყოფას, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში“ ,- განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა. 

რაც შეეხება სავაჭრო ქსელებს, რეხვიაშვილის ინფირმაციით, ისინი შეუფერხებლად მუშაობენ და პროდუქტის დეფიციტი არ არის.

„რიგები არ არის, არავითარი პანიკა და ზედმეტი ეიფორია არ არის და ასეც იქნება, რადგან დისტრიბუციასთან კავშირი გვაქვს და პროდუქტის ნაკლებობა არ იქნება“ ,- აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა.  აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.