კორონავირუსის პრევენცის მიზნით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით,განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში tv4-ს განუცხადეს, რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ონლაინ სწავლების დანერგვის პროცესი დაწყებულია. მათვე ცნობით, ამ დროისთვის პროცესში ყველა მასწავლებელი არ არის ჩართული,თუმცა პედაგოგების გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს და კვირის ბოლომდე დასრულდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.
„პირველ ეტაპზე პროექტში ჩართულ სკოლებს გაეგზავნება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროდუქტებისა და ხელსაწყოების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო ვიდეო და ტექსტური სახით. ასევე, ამოქმედდება მხარდამჭერი სისტემა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს, დახმარება გაუწიონ დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, ერთი კვირის ვადაში უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: დაინტერესებულ სკოლებში პროექტის განხორციელება მყისიერად დაიწყება.
600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა.
შედეგად, პროექტში მონაწილე სკოლები წარმატებულად გამოიყენებენ შეთავაზებული დისტანციური სწავლა-სწავლების ინსტუმენტებს და დაეუფლებიან ამ ციფრული ინსტრუმენტების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენების უნარებს.
უკვე შექმნილია რაიონული ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები პროგრამა TEAMS-ში, რომლის მეშვეობითაც, ასევე ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების ექსპერტები კონსულტაციებს გაუწევენ იმ სკოლებს, რომლებიც დამოუკიდებლად გამოყენებას გადაწყვეტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობას დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიულ ფორმაზე, მათ შორის არის – პროექტი ტელე-სკოლა, დისტანციური ტრენინგები მასწავლებლებისთვის, ელექტრონული რესურსების გამრავალფეროვნება და სხვა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.