ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა

კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა.

კახი კალაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გვირაბთან მისასვლელი საავტომობილო გზა მოეწყო და გარე განათებების ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა.  მისი თქმით, ახალი გზაგამტარი ზემო და ქვემო ფონიჭალის ერთმანეთთან დამაკავშირებელ აქამდე არსებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთს 100 მეტრამდე ამცირებს.  

თბილისის მერიის ცნობით, ზემო და ქვემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის გადაკვეთის უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ორ ახლომდებარე დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი ხუთი კილომეტრია.

“მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზას გვირაბის საშუალებით კვეთს და მანძილს ას მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროს და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე”,- აღნიშნულია თბილისის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.