ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად ჭუნაშილი და რუსთავის მერის პირველი მოადგილე, ბესიკ ტოგონიძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, ძველი რუსთავის ცენტრალური ქუჩის – კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები – სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები. დაიგო ასფალტის საფარი და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობების ფასადებს. ფილაქნებით მოპირკეთდება ტროტუარები, გამზირის შუაგამყოფ ზოლში, კი სკვერები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 3 მლნ 700 000 ლარია.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის სხვა ლოკაციებზეც შეუფერხებლად ხორციელდება.

მიმდინარეობს ავტოსადგომის რეაბილიტაცია, დაწყებულია ფასადების რეკონსტრუქციისა და გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში.

გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს წერეთლის ქუჩაზეც, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი 11 ლოკაციაზე შეიცვლება.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციაც, სადაც მასშტაბური რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, რუსთავში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.