მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სკრინინგი ჯამში 83 000-მა ადამიანმა გაიარა.
მისივე თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მისივე შეფასებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში პროცესი კონტროლს ექვემდებარება.
„ისევ მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენ ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს მარნეულში. ეს არის სასიხარულო და ამას ყველა დადებითად აღვიქვამთ. მუშაობენ სტრუქტურები, რომლებიც აუცილებლად ყოველდღიურ რეჟიმში ხალხთან უნდა იყვნენ, მუშაობენ ძალიან კარგად და კოორდინირებულად.
მიმდინარეობს სურსათისა და კვების პროდუქტების მომარაგება, შეჭირვებული ოჯახების დახმარება, რომლებიც ჩვენ გვყავს მარნეულში. ეს პროცესი ძალიან კარგად და დალაგებულად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ დღეს ფაქტობრივად, პროცესი არ გაგვქცევია და ვაკონტროლებთ ყველაფერს“, – განაცხადა დეპუტატმა.