ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა დაავადების ინფექციის გავრცელების შეჩერების ფუნქციას. დღეს უკვე ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება.
მიდგომები და მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს, ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი შემთხვევების გასამკლავებლად. ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპი ეფექტურად გავატარეთ, გამოწვევები უფრო მეტად იზრდება და მთავრობის პასუხი მეტად გამკაცრდება. ჯანმრთელობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
უახლოეს პერიოდში აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა და ქალაქში დარჩება მხოლოდ მერიის ტრანსპორტი, რის დეზინფიქცირებასაც ისინი ძალიან ხშირად მოახდენენ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.