ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, წმინდა ზიარების წესი არ იცვლება. გადაწყვეტილება დღეს გამართულ სინოდის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სინოდის განჩინების თანახმად, მხოლოდ ზიარების შემდეგ დასაყოლებელი სასმლის მიღება იქნება ნებადართული ერთჯერადი ჭურჭლით.
“საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია”, – განაცხადა დღევანდელი სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
” შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განავრცობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება, ამიტომაც ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“, – წერია სინოდის განჩინებაში.