უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვარზე კიდევ დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან დაწესდება.
ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ გაცემული, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ისინი ვალდებულები იქნებიან, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
შეგახსენებთ, რომ აქამდე შეზღუდვები დაწესებული იყო ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთსა და ავსტრიასთან.
გარდა ამისა, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია და უზრუნველყოფილი იქნება სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყნაში შეუფერხებელი შესვლა. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზრდა.