დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ატარებს, მეტად უნდა გაძლიერდეს.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსის პიკური პერიოდი პირველი დადასტურებული შემთხვევიდან მე-6, მე-7 კვირაში იწყება და ამ ეტაპზე საქართველო პრე-კრიტიკულ ფაზაში შედის.
ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
„ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე მე-6, მე-7, მე-8 კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან 3 კვირა გუშინწინ დამთავრდა. 26 თებერვალს დავადასტურეთ ჩვენ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის, მათგან 3 პირი გამოჯანმრთელებულია.