ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

 ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 191 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა 49 ფაქტი, იმერეთში – 42, ქვემო ქართლში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 16, აჭარაში – 11, გურიაში კი – 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

 ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 308 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.