ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლო 24 საათში გამოკვლეული 100-ზე მეტი ადამიანიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
მისივე თქმით, ბოლნისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა მინიმალურია. ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 61 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
„ბოლნისში ბოლო 24 საათში აღებულია 100-ზე მეტი საკვლევი მასალა, აქედან მხოლოდ ერთია დადასტურებული. ეს იყო სავანეთის ოჯახური კლასტერის ნათესავი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
„ბოლნისში დიდი ტემპით მიმდინარეობს ტესტირებები. ამ მასშტაბიდან და იმ მჭიდრო კავშირებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვქონდა და მოლოდინები იყო, მინიმალურია გამოვლენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადავურჩით დაავადების ფართომასშტაბიან გავრცელებას.
ეს კლასტერები სადაც ჩნდება, ერთეული შემთხვევები არის დადგენილი და დადასტურებული, იმ ჯაჭვშია, რასაც ჩვენ მთლიანად,სრულად ვაკონტროლებთ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ქვემო ქართლში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 84 დადასტურებული შემთხვეწვა ფიქსირდება, მათგან 61 ბოლნისში დაფიქსირდა, 15 მარნეულში, 8 კი – რუსთავში.
ასევე, მხარეში კორონავირუსისგან 17 ადამიანი განიკურნა. მათგანთან 4 ადამიანი გამოჯანრმთელდა ბოლნისში, 7 მარნეულში, 6 კი – რუსთავში.