თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული , რომელიც არსებულ ვითარებას და ბლოკ-საგუშაგოების მოწყობის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.

“გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 – ოქროს სტანდარტით დამტკიცებული. ფაქტობრივად ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია,“- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა  ზვიად შალამბერიძემ.   

მისივე თქმით, მოსახლეობის სკრინინგი უკვე დაწყებულია და სოფელში კონტაქტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი – 2438 ადამიანი ცხოვრობს.