კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მიმართავს

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” აბონენტების ნაწილმა დღეს კომპანიისგან ბუნებრივი აირის გადახდის მოთხოვნის შეტყობინება მიიღო. ფაქტმა  მოსახლეობაში გარკვეული დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

 აღნიშნულის შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიამ  განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ შეტყობინებები აბონენტებთან პროგრამული ხარვეზის გამო დაიგზავნა.

“ძვირფასო აბონენტებო, გთხოვთ ყურადღება არ მიაქციოთ პროგრამის მიერ ავტომატურ რეჟიმში გამოგზავნილ შეტყობინებას. უახლოეს დღეებში მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას დარიცხვისა და გადახდის შესახებ.

ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და შეგახსენებთ რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება არაუმეტეს 200 მ3-სა, ფატიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო”,-აღნიშნულია “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოკარ ჯორჯია გაზის იმ აბონენტებს, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისში, თვეში არა უმეტეს 200 მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარენ, გაზის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიის ცნობით, ხვალიდან, ის აბონენტები, რომელთა მიერ მარტის თვეში მოხმარებული ბუნებრივი აირი არ აღემატება 200 მ3-ს, გაზის საფასურის ანაზღაურების შესახებ ახალ შეტყობინებებს მიიღებენ.
იმ აბონენტებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არა უმეტეს 200 მ3, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე. გარდა ამისა, სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.