მარინა ეზუგბაია – სულ 236 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 3 შემოტანილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ  ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა. გარდა ამისა,  საქართველოს 3 მოქალაქეს ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა.

„საქართველოში სულ 236 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ აქედან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევად გამოდის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით,  პირველად მოხდა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა „კოვიდის 19“-ის დადასტურებული შემთხვევები.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე -STOPCOV.GE  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ სტატისტიკური მონაცემები ცალკე კატეგორიაში არის განთავსებული.