ახალი კორონავირუსის კვლევისას, ფრანგმა მეცნიერებმა, ნიკოტინის პოტენციური დამცავი ეფექტი დაადგინეს.

ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგული მედია მსოფლიოს ცნობილი ნეირობიოლოგების ჰიპოთეზას აქვეყნებს, რომელიც მალე კლინიკური კვლევების საგნად უნდა იქცეს. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსის წინააღმდეგ, პაციენტებს ნიკოტინის წვეთები და პლასტირები დაენიშნათ.

ვარაუდი ეფუძნება მწეველთა მცირე რაოდენობას Covid19-ით დაინფიცირებულთა შორის, რომლის შესახებ მთელ მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა კვლევა იუწყება. ეს მაჩვენებელი 1.4-იდან 12%-მდე შეადგენს. პარიზის საავადმყოფო La Pitié-Salpêtrière-ში მალე ნიკოტინების პლასტირების პროფილაქტიკური და თერაპევტული ეფექტის შესწავლას დაიწყებენ.

საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევა უფრო ზუსტ სურათს იძლევა. Covid-19-ით დაინფიცირებული 500 პაციენტიდან, რომელთაგან 350 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში გადიოდა, 150 კი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით სახლში მკურნალობდა, მხოლოდ 5% იყო მწეველი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მსუბუქი პაციენტებიდან კი მეტ-ნაკლებად ყველა მწეველი აღმოჩნდა. კვლევის ავტორი, შინაგანი დაავადებების პროფესორი ზაჰირ ამურა ამბობს, რომ კრონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში 80%-ით ნაკლები მწეველია, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის მოსახლეობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაკვირვება ხდებოდა ციხისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებზეც, რომლებიც საკმაოდ ბევრ ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელს იღებენ და დადგინდა, რომ მათ Covid-19 ნაკლებად შეეხო.

„ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ ნიკოტინი უჯრედულ რეცეპტორებს ეწებება, რომლებსაც კორონავირუსი იყენებს, და ამგვარად მათზე ვირუსის დამაგრებას უშლის ხელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ ახერხებს უჯრედში შეღწევას და ორგანიზმში გავრცელებას“, – ამბობს საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის და კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი ჟან პიერ შონჟუ.