საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება

საქართველოს პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“, ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სამი მოსმენით ახალი ნორმები შეიტანა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის განმეორებით დარღვევისთვის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

„თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტის დეკრეტით და შესაბამისი სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს პირი, პირველ შემთხვევაში ამისთვის დაისჯება 3000 ათასლარიანი ჯარიმით, იურიდიული პირის შემთხვევაში, ეს არის 15 ათასი ლარი, რაც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია. ამის განმეორების შემთხვევაში, კონკრეტული პირი დაისჯება ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.