საქართველოში წმინდა ცეცხლს დღეს ჩამოიტანენ.
წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იმ სპეციალური რეისით მოხდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდება.
„ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, – განმარტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში .
იერულსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიბელური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვება.
წმინდა ცეცხლს წააბრძანებენ საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საბერძნეთის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პანდემიისგან გამოწვეული რისკების გამო, ცეცხლი საბერძნეთის ტაძრებში აღდგომის ღამით არ გადანაწილდება და ის ათენში დარჩება.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.









