აზერბაიჯანულმა მხარემ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას სასურსათო პაკეტები გადასცა

აზერბაიჯანული მხარის დახმარება საქართველოს – კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას სასურსათო პაკეტები გადასცა. 

325 სასურსათო პაკეტი ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას გადაეცემა. 

როგორც “სოკარის” გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამედოვიმ განაცხადა, მსგავსი სახის დახმარება საქართველოს სხვა რეგიონებსაც გაეწია.

,,ქვემო ქართლის მოსახლეობის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს, ბატონ მაჰირ მამედოვს, საელჩოს, აზერბაიჯანელ ხალხს და ხელისუფლებას გლობალურ გამოწვევაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ, დაავადების გავრცელების პირველივე დღიდან, ვეხმარებით მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს. მუნიციპალური ბიუჯეტებით, ასევე მეცენატებისა და ბიზნესის მხარდაჭერით განხორციელებული სოციალური აქციების ფარგლებში, უკვე დარიგდა 27 500 სოციალური პაკეტი. დღეს, დამატებით მივიღეთ 325 პაკეტი, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორი საჭირო და დროულია აღნიშნული დახმარება ჩვენთვის. ერთხელ კიდევ, ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ პერიოდის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, აქტიურად ეხმარება მუნიციპალიტეტებს. მაქვს იმედი, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ძალიან მალე, დავამარცხებთ ამ გლობალურ გამოწვევას“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

სასურსათო პაკეტის გადაცემას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, Covid 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია ,,სოკარის“, აზერბაიჯანის საელჩოს და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, სასურსათო პაკეტების გადაცემა რამდენიმე ეტაპად უკვე განხორციელდა.