ამირან გამყრელიძე – ბოლნისში შემთხვევების გამოვლენა ე.წ. გაფართოებული ტესტირების შედეგი არ იყო

„ბოლნისში შემთხვევების გამოვლენა ე.წ. გაფართოებული ტესტირების შედეგი არ იყო, ის იყო მიზანდასახული ტესტირების შედეგი,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება.

„ბოლნისში შემთხვევების გამოვლენა ე.წ. გაფართოებული ტესტირების შედეგი არ იყო, ის იყო მიზანდასახული ტესტირების შედეგი. წინა დღეებში 2 ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ნათესავები გამოვიკვლიეთ, იქ გამოვლინდა 19 შემთხვევა. ჩაკეტილ სოფლებში ინტენსიურ თერმოსკრინინგს ვაწამოებთ, ვისაც ტემპერატურა აღმოაჩნდება, უკვე PCR ტექნოლოგიებით ვუკეთებთ ტესტირებას. ასევე გაფართოვდა ტესტირება ყველა კლინიკაში, თუ არ ვცდები, კოვიდის და ცხელების 31 კლინიკაა, ტესტებისა და გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში თანდათან იზრდება. ამასთან, ქვეყანაში სწრაფი ტესტებიცაა, დახლოებით, 5 000.

თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ. ტესტირებას კიდევ მეტად ვაფარათოვებთ, გეგმა გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ, ქვეყანაში PCR ტექნოლოგიების სერიოზული მარაგი იქმნება და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი.

რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდას ველოდებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს დრამატული ზრდა. ამ კვირებში ძალიან ვფრთხილობთ და ტესტირებას ვაფართოებთ, რომ თუკი, სადმე შესაძლო შემთხვევა არის, ყველა გამოვლინდეს და ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.