დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებელია არსებული რეკომენდაციების ზუსტი დაცვა და იმ წესების მიყოლა, რომლებიც მუდმივად ვრცელდება.
“ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ მთავარი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, რომ მთავარი სლოგანი ეს გახლავთ – „დარჩი სახლში“ და მთავარი გახლავთ ის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად და დაიცვათ ყველა ის კანონი, საგანგებო მდგომარეობის შესახებ განსაზღვრული მითითებები და რეკომენდაციები და მაქსიმალურად ვიყოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, ვნების კვირასა და დიდი შვიდეულის კვირაში საზოგადოებრივად ნაკლებად აქტიური. ყველას ვთხოვ, რომ იყოს ნაკლები შეკრება ოჯახებში, ნაკლები გასვლა სასაფლაოებზე, ნაკლები ყოფნა ეკლესიაში და მოხდეს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც მუდმივად ჟღერდება და დღეს, ხვალ ზეგ, მაზეგ და ა.შ. კიდევ უფრო ხშირად გაჟღერდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, კანონი დაცული უნდა იყოს, რათა შემდეგი ორი-სამი კვირა, შედარებით მარტივად გავიაროთ და ფართომასშტაბიანი ეპიდემია ავიცილოთ.
„ ჩვენ ყველა კანონს ვემორჩილებით, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე, ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია. ამიტომ კანონი უნდა იყოს დაცული და განსაკუთრებით ამ პერიოდში, რომ როგორმე შედარებით რბილად გავიაროთ ეს ორი-სამი კვირა და ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას, რომ არ მივიღოთ ათასობით დაინფიცირებული.
რა თქმა უნდა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ დღეს, რამდენიმე უიმედო ავადმყოფი გადაარჩინეს და მადლობა ეკუთვნით ამისთვის, მაგრამ ძალიან რთული იქნება, როდესაც ათასობით ადამიანი იქნება დაინფიცირებული, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა დასჭირდებათ. ამის მთავარი იარაღი, ისევ და ისევ, გახლავთ სოციალური დისტანცირება და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაც აუცილებელია“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.