ამირან გამყრელიძე -COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 %-ია,რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა,რომ საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტია, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებს შორის.

მისი თქმით, დღეს დადასტურებული 22 შემთხვევის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

„დღეს, 22 ახალი შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 არის დაკავშირებული თეთრიწყაროს კლასტერთან, დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. 22 ახალი შემთხვევიდან, რაც გუშინ იქნა იდენტიფიცირებული, ყველა წყარო ცნობილია. ამიტომ ყველა მათგანი გადაყვანილია კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში და მათ მკურნალობა მიმდინარეობს. იცით, რომ 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ექვსი გვაქვს გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტი, ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ვირუსის გავრცელების ასეთი დინამიკა შენარჩუნდება, ჯანდაცვის სისტემა მის მართვას შეძლებს.

„თუ ორი კვირის განმავლობაში დინამიკის ასეთ ზრდას შევინარჩუნებთ, ანუ, მე-6, მე-7 და მე-8 კვირას თუ იქნება 20-30 და 40-ც ყოველდღიური ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კლინიკური მართვის გამოსავლები საკმაოდ კარგია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რეკომენდაციები დაიცვან.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილია ე.წ. ექვსეტაპიანი თანდათანობითი შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა, მათ შორის საქართველომ და ეს იმას ნიშნავს, რომ შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს. ანუ, ისევ მთავარი რეკომენდაცია არის – დარჩი სახლში. განსაკუთრებით, ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ხშირად დაიბანეთ ხელები, სოციალური დისტანცის დაცვა უნდა მოხდეს და ხელების დამუშავება. მთავარია – პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში – ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკამრისობა, აუცილებელია ექიმს მივმართოთ, 112-ში დარეკოთ ან პირდაპირ ცხელების ცენტრში მიხვიდეტ, სადაც სრული გამოვლევა სწრაფად ჩაგიტარედებათ და გადაწყვეტილება მირებული იქნება შემდეგი მართვის შესახებ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.