“ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალური ზიანი” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„6 ეტაპია საქართველოს მთავრობის მიერ გაწერილი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, ვინც გადავიდა შემსუბუქებით ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდება ადრეულ ეტაპზე. მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანციის დაცვაა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.









