ბოლნისიდან ის ადამიანები გაიყვანეს,რომლებიც მუნიციპალიტეტში კარანტინის გამო ჩარჩნენ

ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ის ადამიანები გაიყვანეს, რომლებიც ბოლნისში ჩარჩნენ მას შემდეგ რაც მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გამოცხადდა.- ამის  შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი-დეპუტატი გოგი მეშველიანი ავრცელებს.

გოგი მეშველიანის ცნობით, 71 ადამიანი გაყვანილია წითელი ზონიდან ქალაქ თბილისისა და რუსთავის სასტუმროებში, სადაც ორკვირიან კარანტინს გაივლიან. ამასთანავე გრძელდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი და დაკვირვების ქვეშ რჩებიან ინფიცირებულ მოქალაქეებთან კონტაქტში მყოფი პირები

შეგახსენებთ, რომ ბოლნისში კოვიდ 19-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სოფელ სავანეთშითვითიზოლაციაშია მასთან კონტაქტში მყოფი 27 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თითოეული მათგანი  მკაცრ საკარანტინო სივრცეში იქნას გადაყვანილი, რათა უფრო მკაცრი კონტროლი განხორციელდეს. 

არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სულ მუნიციპალიტეტში 9 ინფიცირებულია, რომელთაგან ექვსი ერთი კლასტერია.

“გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სულ სურსათით უზრუნველყოფილია 2 107 ოჯახი. თვითიზოლაციაში იმყოფება 201 ადამიანი, კარანტინში-37. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მოქალაქეების საჭიროებების განხილვასა და დამუშავებას შემდგომი რეაგირებისათვის. მოხალისეების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხმის გამაძლიერებლებით სამ ენაზე (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური) მიმდინარეობდა საინფომაციო კამპანია, აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან რეკომენდაციები, ასევე დარიგდა საინფორმაციო ფლაერები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩვენმა მოხალისეებმა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე( ბანკებთან, სასურსათო მაღაზიებთან, აფთიაქებთან) სოციალური დისტანციის დაცვა უზრუნველყვეს.”,- წერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუიტატი, გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.