ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით დაღუპული ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათვალისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული.
მისივე ინფორმაციით, ბოლნისში თერმოსკრინინგი 48 ათას ადამიანს ჩაუტარდა. როგორც მან განაცხადა, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული.
„მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა. კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 – კარანტინში“, – განაცხადა ბოლნისის მერმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 39 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, 2 კი გარდაიცვალა