ბოლნისში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ბოლნისში დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის სოფელ ქვემო ბოლნისში ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ TV4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოჯახურ კლასტერს უკავშირდება. შესაბამისად, დილის მონაცემებით ბოლნისში დადასტურებული ორი შემთხვევა ახალი შემთხვევების კონტაქტია. მათ შორის არის 19 წლის ორსული ქალი,რომელსაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით,წითელ ზონაში მოსახლეობის კარდაკარის პრინციპით თერმოსკრინინგი დასრულების ფაზაშია. ამ დრომდე სკრინინგი ჩაუტარდა 150 000-მდე ადამიანს, შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, მობილური ჯგუფების მიერ სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში მუნიციპალიტეტებში განმეორებითი სამედიცინო შემოწმება ჩატარდება.