ბოლნისში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ამ დროისთვის ბოლნისში, COVID-19 -ის 32  შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ერთი გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილი.

არსებული ინფორმაციით, ბოლო დადასტურებული ოთხი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაინფიცირებულ თანამშრომელთა კლასტერს უკავშირდება. ამ კლასტერთან დაკავშირებით ამ დროისთვის ინფიცირების 19 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი.

ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში  252, ხოლო კარანტინში 87 ადამიანი იმყოფება.

დღესვე, ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი ჩაიკეტა.

პარალელურად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა ქალაქის ქუჩები, მერიისა და ბანკების  შენობები.

მუნიციპალიტეტში ასევე, გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება. სულ სურსათით უზრუნველყოფილია 4  871 ოჯახი.