გიორგი გახარია – რეგიონებიდან დაბრუნების მსურველებისთვის ჩაკეტილი ქალაქები 2 დღით გაიხსნება

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2 დღის განმავლობაში – ორშაბათსა და სამშაბათს ჩაკეტილი ქალაქები რეგიონებიდან დაბრუნების მსურველებისთვის გაიხსნება. მისი თქმით, მოქალაქეებს რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების საშუალება ექნებათ, დაბრუნების შემდეგ კი ქალაქები ისევ ჩაიკეტება.

გახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე 4 ქალაქია ჩაკეტილი და მოქალაქეები საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

„ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის გარეშე აკრძალვა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებულია საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებულია დიდი ქალაქებისთვის, კერძოდ თბილისისთვის, ქუთაისისთვის, ბათუმისთვის. ეს შეზღუდვები შენარჩუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იყო გასული რაიონში, გავაკეთებთ გამონაკლისს 2 დღით ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს 2 დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე. 2 დღის შემდგომ შეზღუდვები საქალაქთაშორისო სატრანსპორტო გადაადგილებაზე და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით აღდგება“, – განაცხდა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილიდან 10 დღით ქვეყნის ოთხი დიდი ქალაქი თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ჩაიკეტა.