საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ინფორმაციისთვის, საუბარია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან კოვიდ-19-ით ინფიცირებული სასულიერო პირის შესახებაც გააკეთა კომენტარი. დეკანოზის თქმით, სასულიერო პირი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინაძღვარი არაა, თუმცა, ის მსახურებაზე ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და მასთან კონტაქტში სხვა სასულიერო პირებიც იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.