აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შესვლა იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაგეგმილია, რომ აფთიაქებისა და მაღაზიების თანამშრომლები სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შევიდნენ.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ალგორითმის დამატებით ჯგუფზე მუშაობა მიმდინარეობს და ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით, როგორც გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება, ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებსა და მაღაზიებში გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერ ვადას ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, აგრესიული ტესტირების შედეგად კორონავირუსი 20-მდე ექიმს დაუდასტურდა. როგორც მან განმარტა, მათ დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ გადაიტანეს.

„არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდა, მათი რიცხვი 20-მდეა. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, სწორედ აქედან გამომდინარე დაიგეგმა ის ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება.

ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ნორმების დანერგვაში, მიმდინარეობს ტრეინინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად დაცულები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ყურადსაღებია და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია. პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ექიმი, ვინც იყო აღმოჩენილი, იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ, რადგან ზუსტად ვიცოდეთ, რომ შემდგომში მათი მხრიდან შემდგომი ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.