ეკატერინე ტიკარაძე – ექიმის კორონავირუსით ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებსაც ექიმთან შემხებლობა ჰქონდა, საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი.

„ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, მოკვლევა მიმდინარეობს. განხორციელებულია შემდეგი ღონისძიება, რომ ყველა ის პირი, რომელიც ექიმთან კონტაქტში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე საკარანტინო ზონაშია. გარკვეული პირები, რომლებსაც სიმპტომატიკა აღენიშნებოდათ, უკვე დატესტილები არიან, თუმცა მათი პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზია. დანარჩენი პირები დაკვირვების რეჟიმში იმყოფებიან. ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ დეტალურად გამოიძიონ, თუ რა არის ექიმის ინფიცირების წყარო. ასევე, დამატებით მოვიძიოთ კონტაქტი, ვისთანაც ექიმი ახლო შემხებლობაში იმყოფებოდა“,- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა.