ეკატერინე ტიკარაძე – მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეში 1 000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშირისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში, დღეში 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამის საშუალება ქვეყანაში არის და ის ჩატარდება იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც დღეს საბჭოზე დამტკიცდება.

„დღევანდელი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღიურ რეჟიმში უკვე საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი. ამის საშუალება ქვეყანაში არის და სწორედ იმ რისკ ჯგუფებში, იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდება საბჭოს მხრიდან, იქნება ეს ტესტირება უფრო მეტად გაფართოებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და ახალი ალგორითმის ტესტირებებში ჩაერთვებიან თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები.

მინისტრის განმარტებით, ახალი ალგორითმით მოქმედებას შაბათ-კვირიდან დაიწყებენ.

„თქვენ იცით, რომ კლინიკური ჯგუფის მხრიდან იყო რამდენიმე ინიციატივა, სადაც იყო განხილული, რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდგომ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომელიც იყო ჩამოთვლილი, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან. თუ იქნება შესაძლებელი , რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ეს ალგორითმი ორ დღეში იქნება უკვე გაფართოებული და შესაბამისად, უკვე შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას“,- განაცხადა მინისტრმა.