ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა შორის არიან მძიმე და საყურადღებო პაციენტებიც.
„ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვყავს 230 კოვიდ19-ით დადასტურებული ინფექცია, საიდანაც 54 არის გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ 230 მოქალაქიდან 3 მათგანის გადმოყვანა მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და დღესდღეობით საქართველოში მკურნალობას აგრძელებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რა თქმა უნდა, გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომლებსაც ექიმები აქცევენ სათანადო ყურადღებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და მათი ჯამი ამ ეტაპისთვის არის 54,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
ასევე, როგორც ტიკარაძემ განაცხადა, იქ, სადაც საველე ჰოსპიტალები არის საჭირო, უკვე მოწყობილია და მათი გაშლა მომავალშიც მოხდება.
„ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროება იყო საველე ჰოსპიტალების გაშლის, ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ ჰოსპიტალების გაშლა, რომლებიც მუშაობდნენ ცხელების კლინიკებიდან. რა თქმა უნდა, შემდგომშიც, სადაც ეს საჭიროება დადგება, ჩვენ ასევე მოვახდენთ საველე ჰოსპიტალების გაშლას, ვინაიდან დეტალურად გვაქვს შესწავლილი საქართველოში ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია წლების განმავლობაში საქართველოში ჰოსპიტალების ქსელებთან მიმართებით და ასევე მათი საწოლ ფონდის დღევანდელ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ის სუსტი წერტილები, სადაც გვაქვს და ასეთი რეგიონი საქართველოში არის რამდენიმე და ამ რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტალების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, როგორც საწოლ ფონდის მოცულობით, ასევე სასუნთქი აპარატებისა და სპეციალისტების მობილიზების მხრივ“, – განაცხადა ტიკარაძემ.